Friday, December 24, 2010

V კონგრესი

“ახალგაზრდა სოციალისტების” უახლესი ისტორიის ერთ-ერთ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი ორგანიზაციის რიგით V კონგრესის ჩატარებაა. 2008 წლის შემოდგომიდან ახალგაზრდა სოცი-ალისტებმა კონგრესისთვის მზადება დაიწყეს. უამრავ მოსამზადებელ ღონისძიებათა შორის, ყველაზე დიდი ყურადღება ორგანიზაციის მანიფესტის მომზადებას დაეთმო. იმის გათვალისწინებით, რომ მანი-ფესტს უნდა მოეცვა ორგანიზაციის ყველა წევრის აზრი, ეს იყო მართლაც ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმე, მაგრამ ამავდროულად შედეგიანიც, რადგანაც, სწორედ დემოკრატიულობის პრინციპის წყალობით, მანიფესტზე მუშაობა გახდა რეალურად დემოკრატიული პროცესი. მასში ჩართული იყო ორგანიზაციის ყველა წევრი. მუდმივად იმართებოდა სემინარები და დებატები მანიფესტის სხვადასხვა პუნქტებთან დაკავშირებით. ამან, არა მარტო იმის საშუალება მისცა ორგანიზაციას, რომ ჰქონოდა იდეურად ჩამოყალიბებული მანიფესტი,არამედ ეს პროცესი წევრების მოზიდვის საშუალებაც. უამრავი ახალგაზრდა სწორედ ამ დროს დაინტერესდა ორგანიზაციის საქმიანობით და შეუერთდა კიდეც ახალგაზრდებს. მანიფესტის მოსამზადებელი პერიოდი არ მოიცავდა მხოლოდ დედაქალაქს, ის გასცდა თბილისის ფარგლებს და მოიცვა საქართველოს რამდენიმე რეგიონი, მათ შორის ქუთაისი და გორი, სადაც ჩამოყალიბდა ორგანიზაციის პირველი რეგიონული წარმომადგენლობები.
მანიფესტზე მუშაობა ლოგიკურად მივიდა ბოლო ეტაპზე და 2009 წლის 12 მაისს, მოეწყო ორგანიზაციის რიგით V კონგრესი, რომელსაც ესწრებოდა 214 დელეგატი, მათ შორის ორგანიზაციის ყოფილი წევრები თუ ხელმძღვანელები, ასევე უცხოელი პარტნიორები. კონგრესის წარმატებით ჩატარებას მოწმობს ის შედეგები, რაც დღის ბოლოს ორგანიზაციამ მიიღო. სრული დემოკრატიული წესის დაცვით, არჩეულ იქნა ორგანიზაციის ახალი მმართველი ჯგუფი, შეიცვალა სახელწოდება ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირს ეწოდა ახალგაზრდა სოციალისტები, შეიცვალა ლოგო და რაც მთავარია დამტკიცდა ორგანიზაციის ახალი მანიფესტი, რომელიც მოიცავდა ორგანიზაციის ყველა წევრის აზრს. ცვლილება მოხდა ორგანიზაციის სტრუქტურაშიც. არჩეულ იქნა თავმჯდომარე (გიორგი ყანჩაველი), თავმჯდომარის მოადგილეები (მარიამ ტარასაშვილი, ვატო სიფრაშვილი), გამგეობა, რომელიც შედგება 11 კაცისგან, მათ შორის თავმჯდომარე და მისი ორი მოადგილე, ძირითად სტუქტუ-რულ ერთეულებად განისაზღვრა კომიტეტები. ესენია: საერთაშორისო კომიტეტი (თამარ გაბელაია), პოლიტიკური კომიტეტი (თამარ მაღრაძე), აღმასრულებელი კომიტეტი (თამარ შავლიაშვილი), საკოორდინაციო კომიტეტი (მაკა ჯავახიშვილი) და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტი (სალომე გელუტაშვილი). მმართველი გუნდი დაკომპლექტდა სწორედ იმ აქტიური ახალგაზრდებით, რომლებმაც ორგანიზაციის ისტორიას არა ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი მიამატეს. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დაინტერესდნენ მათი თანატოლების საქმიანობით, გაეცნენ ორგანიზაციის იდეოლოგიას და გადაწყვიტეს, რომ თავადაც უნდა შეეტანათ წვლილი ახალგაზრდა სოციალისტების გაძლიერებაში.

No comments:

Post a Comment