Friday, December 24, 2010

ორგანიზაციის ისტორია

―ახალგაზრდა სოციალისტები – ეს არის სოციალისტური იდეებით გაერთიანებული, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში უკვე 14 წელია არსებობს. ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზაციული არსებობა იწყება 1996 წლიდან. მაშინ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა სოციალისტთა ლიგა, ჩამოყალიბდა როგორც საქართველოს სოციალისტური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია. სოციალისტთა ლიგა, რომელსაც მაშინ კოკა დარჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, ფუნქციონირებდა პარტიის სხვადასხვა სტრუქტურებთან ინტეგრირებული ფორმით. 1997 წელს ორგანიზაცია გარდაიქმნა საქართველოს ახალგაზრდა სოციალისტთა კავშირად და მისი ხელმძღვანელი გახდა ზაქარია ქუცნაშვილი. ამ პერიოდისათვის ორგანიზაციის განვითარება უფრო დინამიური ხდება და 1998 წლისათვის ის ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან და მძლავრ ორგანიზაციად საქართველოში. 1998 წლის ადგილობრივ არჩევნებზე სხვადასხვა რაიონისა და სოფლის თვითმმართველობებში აირჩიეს ახალგაზრდა სოციალისტების რამდენიმე წარმომადგენელი,ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი კი ჯერ თბილისის საკრებულოს, ხოლო 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად.
2002 წელს ორგანიზაციაში მმართველობითი განახლების დრო დგება. მე-4 კონგრესმა ორგანიზაციის თავმჯდომარედ დიმიტრი ცქიტიშვილი აირჩია, გენერალურ მდივნად კი – არჩილ ჯაყელი. ამავე კონგრესზე დამტკიცდა ორგანიზაციის პირველი პოლიტიკური დოკუმენტი. ამ პერიოდში ახალგაზრდული ორგანიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა პარტიული ორგანიზაციებისაგან დამოუკიდებლად არსებობა იყო. მიუხედავად პარტიის პოპულარობის მკვეთრი დაცემისა, ორგანიზაციამ შეინარჩუნა ლიდერი პოზიციები ქვეყანაში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის, რაც სწორედ ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხით იყო გამოწვეული.
2004 წლიდან სოციალისტური პარტია პრაქტიკულად წყვეტს ფუნქციონირებას, თუმცა უამრავი სიძნელის მიუხედავად ახალგაზრდული ორგანიზაცია აგრძელებს არსებობას და ყურადღება გადააქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე და ევროპელ პარტნიორებთან ერთად რეგიონალური პროექტების განხორციელებაზე. ამ თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა ახალგაზრდა სოციალისტებსა და ნორ-ვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტებს შორის თანამშრომლობის პროგრამა, რომელმაც განაპირობა ორგანიზაციის სტრუქტურული, ორგანიზაციული და პოლიტიკური განახლება. 2009 წელს გამართულმა V კონგრესმა აირჩია ახალი ხელმძღვანელობა და ახალი სტრუქტურა, ასევე დაამტკიცა ორგანიზაციის მანიფესტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველად ორგანიზაციის და საერთოდ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ისტორიაში, პოლიტიკური დოკუმენტი მიღებულ იქნა ხანგრძლივი შიდაორგანიზაციული დისკუსიებისა და დებატების ფორმით. ორგანიზაციის უახლეს ისტორიას ვრცლად მეორე სტატიაში დავუბრუნდებით. დიმიტრი ცქიტიშვილი გვიამბობს, როგორ მოხვდა თვითონ ამ ორგანიზაციაში, რა პერიოდის გამოვლა მოუწია და როგორ მოაღწია ორგანიზაციამ მე-5 კონგრესამდე.
დიმიტრი ცქიტიშვილი: ორგანიზაციაში პირველად მოვედი 1998 წლის გაზაფხულზე ჩემი მეგობრების რეკომენდაციით და გარკვეული პოლიტიკური აქტიურობის სურვილით. ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური ხედვებით და ამბიციებით. ვერ ვიტყვი, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შედეგად მივიღე. ძალიან მალე და მარტივად გადავწყვიტე და მას მერე სრული შეგნებით ვარ ამ ორგანიზაციაში. მიმაჩნია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობიდან წასვლა არ უნდა ნიშნავდეს იმავდროულად ორგანიზაციიდან წასვლას. დღეს ვარ საკონტროლო კომისიის თავმჯდომარე და ამით ვაგრძელებ ორგანიზაციის ერთგვარ ტრადიციას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელობა რჩება საკონტროლო კომისიის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს, როგორც ორგანიზაციის მიერ დადგენილი წესებისა და ტრადიციების დაცვას, ასევე თაობებს შორის ურთიერთობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ორგანიზაციასთან აღარ ასოცირდებიან ადამიანები, რომელთა ძალისხმევითაც ორგანიზაცია არსებობის ყველაზე რთულ პერიოდში შენარჩუნდა, კერძოდ 2004-2007 წლებში, მათი როლი განსაკუთრებულია ორგანიზაციის დღეს არსებობაში. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ინტენსიური საერთაშორისო ურთიერთობები და დამყარდა ახალი კონტაქტები სხვადასხვა ევროპულ ორგანიზაციებთან.
2006 წელს ორგანიზაცია გახდა საერთაშორისო ახალგაზრდული სოციალისტური მოძრაობის სრულუფლებიანი წევრი. მიუხედავად სირთულეებისა ქვეყნის შიგნით, ჩვენი უცხოელი მეგობრების მხარდაჭერამ იმედი გაგვიჩინა იმის, რომ შესაძლებელი იყო განახლება და გაძლირება. ეს მართლაც ასე მოხდა. ორგანიზაციის დღევანდელი სახე და ფორმა გაცილებით მეტი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, ვიდრე ეს ორგანიზაციის ისტორიის ყველაზე წარმატეულ წლებში იყო. დღე ეს არის თანამედროვე, ევროპული ტიპის ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს და მისი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის და მისი მოსახლეობის კე-თილდღეობაში. ეს ორგანიზაცია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მას უკავშირდება ჩემი ცხოვრების ძალიან ბევრი წელი და პრაქტიკულად ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა წარსულში და უზარმაზარი, ხელშესახები, რეალური იმედი მომავალში.
ვისურვებდი, რომ ორგანიზაცია უფრო გაიზარდოს, განმტკიცდეს და გაფართოვდეს. ჩემს სამომავლო გეგმებშიც, მიმაჩნია, რომ ახალგარზდა სოციალისტებთან კვლავ მექნება შეხება და ამჯერად უკვე როგორც პარტნიორ ორგანიზაციასთან გავაგრძელებ თანამშრომლობას. ის მიზნები, რაც ორგანიზაციის ხელმძღვანელობის დროს გამაჩნდა, კვლავ აქტუალურია და ახლა უკვე სხვა ამპლუაში, მაგრამ იმედია ახალგაზრდა სოციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვიმოქმედებთ მათ მისაღწევად.

No comments:

Post a Comment