პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა სოციალისტების მორიგი დიდი პროექტის, პერიოდული გამომცემლობის დაწყება. იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა სოციალისტების გაზეთის პირველი ნომერი დარიგდება საზაფხულო ბანაკში, მინდა გითხრათ: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ორგანიზაციის I ბანაკში, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 170 მდე ახალგაზრდა, წარმომაგენელი უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები. მსგავსი მასშტაბის ბანაკი ორგანიზაციის უკანასკნელი წლების აქტიური მუშაობის შედეგია. შევეცდები მოკლედ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ საიდან მოვხვდი ორგანიზაციაში და რატომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავბმულიყავი მის საქმიანობაში.
2008 წლის მაისში ახალგაზრდა სოციალისტების და სოლიდარების ეგიდით, ჩატარდა წინასაარჩევნო კამპანია “აირჩიე”, რომელშიც ჩემი აქტიურობა ორგანიზაციაში ჩემი თავის პოვნის საფუძველი გახდა. შემდეგი ჩემი აქტივობა უკავშირდება იმავე წლის ივნისში ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო კავშირის ეგიდით გამართულ კონფერენციას – შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობა, რომლის ორგანიზებაშიც ვიღებდი მონაწილეობას. ეს ღონისძიებები შეიძლება ჩაითვალოს მთავარ მიზეზად ჩემი გაწევრიანებისა ორგანიზაციაში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის ახალ-გაზრდები, რომლებიც დამხვდნენ აქ. მათთან დამეგობრება და აქტიურად მუშაობა არ გამჭირვებია და მეგობრობა აღმოჩნდა ყველაზე დიდი ფაქტორი, რის გამოც მე გავხდი, თავდაპირველად საქართველოს ფალკონების, შემდეგ კი “ახალგაზრდა სოციალისტების” წევრი.
თავდაპირველად სიტყვა სოციალისტი და მითუმეტეს ჩემი სოციალისტობა, გასაკვირი იყო არა მხოლოდ ჩემი ახლობლებისთვის, არამედ ჩემთვისაც და ალბათ მკითხველს არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ მე იდეოლოგიის გამო არ გავ-მხდარვარ ორგანიზაციის წევრი. იდეოლოგიის შესახებ დავინტერესდი ზემოხსენებული მოვლენების შემდგომ. თუმცა პირველივე დღეებიდან დავიწყე ორ-განიზაციის ხედვების გაცნობა, მისი გააზრება, გავეცანი ევროპულ სოციალისტურ იდეოლოგიებს, და საბოლოოდ ჩემს თავში მოვახდინე ჩემი პოლიტიკური მრწამსის მეტნაკლებად განსაზღვრა და ეს პოლიტიკური მრწამსი გახდა მემარცხენეობა, უფრო კონკრეტულად სოციალ-დემოკრატია. სწორედ ამის შემდეგ იწყება ჩემი განსაკუთრებული აქტიურობა ორგანიზაციაში, რამაც მიმიყვანა იქამდე, რომ დღეს, 2009 წლის მაისში ჩატარებული კონგრესის შემდეგ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას ვასრულებ და რა თქმა უნდა, ბოლომდე მაქვს გაცნობიერებული ის პასუხის-მგებლობა, რასაც არა მარტო ორგანიზაციის თავმჯდომარეობა, არამედ რიგითი წევრობა მაკისრებს. დღეს ვისურვებდი, რომ საზაფხულო ბანაკის შემდგომ, შეიქმნეს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები, ვგულისხმობ სტუდენტურ კლუბებსა და რეგიონულ ორგანიზაციებს, თემატურ სამუშაო ჯგუფებს და საბოლოოდ ორგანიზაციის მართვაში ჩაერთვება გაცილებით მეტი ახალგაზრდა, ვიდრე დღეს არის ჩართული. მინდა ვუსურვო ყველა ჩვენს წევრს და მას, ვინც შემდგომში გადაწყვეტს შემოგვიერთდეს, იყვნენ აუცილებლად აქტიურები და ახსოვდეთ, რომ ორგანიზაცია “ახალგაზრდა სოციალისტები” არ იყო, არ არის და არ იქნება ერთი კონკრეტული ჯგუფის კონტროლის ქვეშ, ეს არის დიდი ისტორიის მქონე, დემოკრატიული, დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ეკუთვნის მის წევრებს.
No comments:
Post a Comment