Friday, December 24, 2010

გენდერული თანასწორობა

გენდერული თანასწორობა შემდეგი სასემინარო თემაა. როგორც ყველა დანარჩენი, ეს თემაც ქართული რეალობიდან გამომდირაე შეირჩა. პრობლემები გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით საქართველოში აქტუალური და სამწუხაროდ დიდი რაოდენობითაა. ამ თემას და მასზე არსებულ პრობლემებს ბევრი ექსპერტი ქართულ მენტალიტეტს და ტრადიციულ შეხედულებებს უკავშირებს. დისკუსიაც სემინარზე სწორედ ამ კუთხით წარიმართა. სემინარს ახალგაზრდა სოციალისტი, ქეთი ცინცაძე, უძღვებოდა. განხილვა კონკრეტული მაგალითების მოყვანით დაიწყო, რომლებზეც ახალგაზრდებმა სკეტჩიც კი დადგეს პრობლემის უკეთესად აღქმისთვის. ყველაზე აქტუალური თემა დამსწრე ახალგაზრდებში მაინც ოჯახში არსებული გენდერული უთანასწორობა გახდა. თუმცა ირლანდიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ირლანდიის მაგალითზე სკმაოდ საინტერესო კუთხით წაიყვანა მსჯელობა. “გენდერი არ გულისხმობს დებულებას, რომ მამაკაცი უკეთესია ქალზე ან პირიქით. ზოგადად ეს ხალხი არის ძალა, რომელიც დგას ქვეყნის სათავეში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათში გენდერულ თანასწორობას.
ქალი პოლიტიკაში – ამ კუთხით განხილული გენდერული თანასწორობა არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა. მიზეზები, თუ რატომ შეიძლება ქალს გაუჩნდეს სურვილი, გახდეს პოლიტიკურად აქტიური, ნიკოლა მალონამ თავისი ქვეყნის მაგალითზე მოიყვანა. ქალები, რომლებმაც დაკარგეს შვილები შვილები ირლანდიის კონფლიქტის გამო, ჯერ მებრძოლები გახდნენ, შემდეგ პოლიტიკური პატიმრები და დღეს ისინი ხელისუფლებაში არიან. მათ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, ბევრი ფიქრობდა, რომ ქალი არ უდა ყოფილიყო პოლიტიკაში. თუმცა პოზიციის და იდეოლოგიის სიმყარემ ირლანდიელი ქალები მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, ჩამოეყალიბებინათ ქალთა პარტია, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა გენდერული თანასწორობისთვის და საზოგადოებაში არსებული კონფლიქტის მოგვარებისთვის. როდესაც ირლანდიელებმა გააცნობიერეს, რომ ებრძოდნენ ერთმანეთს და არა მას, ვინც რეალურად გააღვივა კონფლიქტი ირლანდიაში, გადაწყვიტეს მოლაპარაკების საფუძველზე მიეღწიათ კონსენსუსისათვის. და ეს გადაწყვეტილება შედეგიანი აღმოჩნდა. დღეს წლების განმავლობაში დაპირისპირებული მხარეები სახელმწიფოს მართავენ და ამ მხრივ ცდილობენ მშვიდობა დაამყარონ ქვეყანაში.
პარალელების გავლება საქართველოს მაგალითზე არც თუ ისე ძნელი აღმოჩნდა. ქალი ქართულ პოლიტიკაში – ეს თემა ყველასთვის საინტერესო და ერთაზროვანი აღმოჩნდა. ქართველი ქალი, რომელიც პირველ რიგში დედაა, ფიქრობს ოჯახის კეთილდღეობაზე და ნაკლებად აქტიურია პოლიტიკურად. თუმცა მათ, ვინც ცადეს ჩამოეყალიბებინათ ქალთა პარტია და დაეცვათ მათი ინტერესები, არც თუ ისე დიდი პოპულარობა და წარმატება ხვდათ წილად.
ოჯახის თემაზე მსჯელობა აქტიურად გაგრძელდა სემინარის მეორე ნაწილზე, სადაც მოწვეული იყო მკვლევარი გენდერული პოლიტიკის საკითხებში ქეთა ჩხეიძე. სტატისტიკური მონაცემების მოყვანით დახატული ქართული რეალობა არც თუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა. არა ერთი მაგალითი დამსწრე ახაგაზრდებმაც მოიყვანეს. თუმცა რეალური მიზეზების ძიება ნაკლებად მოინდომეს. ეს თვითონ ექსპერტმაც აღნიშნა.
ქეთა ჩხეიძე: “ახალგაზრდების გააქტიურება იმ კუთხით, რომ გაუჩნდეთ სურვილი იბრძოლონ გენდერული თანასწორობისთვის, დამოკიდებულია აზროვნებაზე და მის შეცვლაზე, რაც ძალიან რთულია. ყველა მათგანი, ვინც საუბრობდა, გამოხატავდა თავის აზრს, მაგრამ არც ერთს არ გაჩენია კითხვა, რატომაა ეს ასე, რატომაა ეს დარღვევა გენდერულ თანასწორობაში. ისინი ასახელებდნენ ფაქტებს, მაგრამ აქტიურობის სურვილი, რომ ეს შეეცვალათ არავის გასჩენია. ძალიან რთულია შეიცვალოს ეს ჩაკეტილი იდეოლოგია. ამას, პირველ რიგში, დრო სჭირდება. ჩვენი შემდეგი თაობის შეხედულებების ჩამოყალიბება ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება სწორი იდეოლოგია ჩამოვუყალიბოთ მათ.‖
გენდერული ბალანსის დაცვა იყო ძირითადი თემა ნორვეგიის ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის პრეზენტაციაში. ისინი აპროტესტებენ სხვადასხვა პოლიტიკურ, ახალგაზრდულ ჯგუფებში მამაკაცების უპირატესობას როგორც რაოდენობის, ასევე ლიდერობის მხრივ. ისინი ფიქრობენ, რომ ქალს არანაკლები შესაძლებლობა აქვს იყოს წინამძღოლი. მათ ამოცანა ქალებს ასეთი გზით დაუსახა: “არჩევანი შენზეა! შენ შეგიძლია აკეთო ის საქმე რაც გიყვარს და მიაღწიო მიზანს.‖ ასე, რომ მთელი დღის განმავლობაში გამართული დისკუსიების ძირითადი შედეგი ყველა საკითხში ერთაზროვნად დასრულდა: მთავარია აქტიურობა და ბრძოლა იმ მიზნის მისაღწევად, რაც დასახული გაქვს.

No comments:

Post a Comment